Monday, September 15, 2008

ზოგადი ინფორმაცია იუნესკოს შესახებ

იუნესკო (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) დაარსდა 1945 წლის 16 ნოემბერს. იუნესკოს შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. პარიზში (საფრანგეთი), ასევე იუნესკოს თემატური ოფისები და წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამჟამად იუნესკოს ჰყავს 191 წევრი ქვეყანა და 6 ასოცირებული ქვეყანა (მარტი, 2005). იუნესკოს ძირითადი მიზანია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრება ქვეყნებს შორის განათლების, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კულტურისა და კომუნიკაციის სფეროებში თანამშრომლობის გზით; ხელსაყრელი პირობების შექმნა ცივილიზაციათა, კულტურათა და ხალხთა შორის დიალოგისათვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ზოგადი ფასეულობების პატივისცემაზე. იუნესკოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიმართულია გაერთიანებული ერების ათასწლეულის დეკლარაციის მიზნების განხორციელებაზე, განსაკუთრებით შემდეგ მიმართულებებზე:
  • განვითარებად ქვეყნებში უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება

  • უნივერსალური დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა ყველა ქვეყანაში

  • გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა დაწყებითი და საშუალო განათლების სფეროში

  • შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა

  • ჯანსაღი ბუნებრივი გარემოს უზრუნველყოფა